Search

ინფორმაცია M ვექტორის დასკვნითი ეტაპის შესახებ

გთავაზობთ ინფორმაციას M ვექტორის დასკვნითი ეტაპის შესახებ.

M ვექტორის ძირითადი ეტაპი, რეგისტრაციის პროცესთან ერთად, 20 იანვარს დაიწყო. პროექტის ვებ გვერდზე www.mvector.ge ეტაპობრივად ქვეყნდებოდა საკონკურსო მასალები შერჩეულ ოთხ თემაზე. მასალებთან ერთად, მონაწილეებს ამავე გვერდზე და პროექტისთვის შექმნილ ფორმუზე მიეწოდებოდათ საკონკურსო თემების შესაბამისი სავარჯიშო ამოცანები. კონკურსში ჩართვა მსურველებისთვის 15 მაისამდე იყო შესაძლებელი.

კონკურსის ძირითადი ეტაპის ფორმატის გათვალისწინებით, სამართლიანი და ყველასათვის თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად, დასკვნით ეტაპზე გადასვლის უფლება აქვს ყველა იმ მონაწილეს, რომელიც:

  • აქტიურად ეცნობა/მონაწილეობს ფორუმზე (ან/და მენტორის საათის განმავლობაში) საკითხების, თემების განხილვაში;

  • მონაწილეთათვის განკუთვნილი სავარჯიშო ამოცანების უმრავლესობას დამოუკიდებლად ან მენტორების, სპეციალისტების, პროექტის ფორუმის დახმარებით ართმევს თავს;

  • სპეციალური სისტემის მეშვეობით შეავსებს დასკვნით ტურში მონაწილეობის განაცხადს;

  • აირჩევს საკონკურსო თემას (თემებს). მონაწილეს ამ ეტაპზეც შეუძლია ერთზე მეტი თემის არჩევა.

მეორე, დასკვნითი ტური (2021)


აღნიშნული სისტემით, დასკვნით ტურში მონაწილეობის განაცხადის შევსება M ვექტორელებს 31 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. მონაწილეები სისტემის ბმულს და დეტალურ ინფორმაციას პროექტის დასკვნითი ეტაპის ფორმატის შესახებ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტითაც მიიღებენ.

დასკვნითი ეტაპი - პირველი ნაწილი

დასკვნითი ეტაპისათვის რეგისტრირებული M ვექტორელები, გრაფიკით განსაზღვრულ დღესა და საათზე, რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ საკონკურსო დავალებებს. მონაწილე ამ დროისათვის მზად უნდა იყოს დავალებებზე მუშაობის დასაწყებად. შესრულებული დავალებები ინსტრუქციაში მითითებულ დრომდე უნდა იქნას მიღებული ელექტრონულ ფოსტაზე info@mvector.ge. მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, საკონკურსო დავალებების ამოხსნები პირდაპირ ელექტრონული ფოსტით გამოაგზავნონ ან იმუშავონ ქაღალდზე (იმ შემთხვევაში, თუ მათ უჭირთ მათემატიკური ფორმულების ელექტრონულად აკრეფა, გადაუღონ ნამუშევარს და გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე).


მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • ნაშრომში აუცილებლად უნდა ჩანდეს დავალების ამოხსნის გზები - ნაშრომი, რომელშიც მხოლოდ პასუხი იქნება მითითებული (თუნდაც სწორი), არ შეფასდება;

  • ნამუშევარი მკაფიოდ, გარკვევით უნდა იყოს შესრულებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ქაღალდზე ასრულებს დავალებას;

  • ქაღალდზე მუშაობის შემთხვევაში, გვერდები უნდა დაინომროს. გადაღებულ ფოტოებზე უნდა ჩანდეს გვერდების ნომრები.

მნიშვნელოვანია, რომ მონაწილემ დავალებები შეასრულოს დამოუკიდებლად, რადგან დასკვნითი ეტაპის მომდევნო ნაწილში მას თავისი ცოდნისა და უნარების დადასტურება ექსპერტებთან online შეხვედრისას მოუწევს. ამასთან, M ვექტორელებს დავალებებზე მუშაობისას შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტ რესურსები და სხვა დამხმარე მასალები.

დავალებებზე სამუშაოდ განსაზღვრულია 3 საათი, დამატებითი ნახევარი საათი გათვალისწინებულია ნაშრომის (ფაილის ან ფოტოს) გამოსაგზავნად (დრო განისაზღვრა გამოგზავნისას სავარაუდო ტექნიკური შეფერხების გაჩენის გათვალისწინებით).


გრაფიკი

  • წარმოებული - 3 ივნისი

  • ჯგუფები და სიმეტრიები - 4 ივნისი

  • კოდების, ტესტებისა და განლაგებების ალგებრა - 5 ივნისი

  • ფინანსური მათემატიკის ელემენტები - 6 ივნისი

შესაბამის დღეს მონაწილეები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ დავალებებს 15:00 საათზე.


შესრულებული დავალებები 18:30 საათამდე უნდა აისახოს (მიღებულ იქნას) ელექტრონულ ფოსტაზე info@mvector.ge.

დაგვიანებით მიღებული დავალებების ამოხსნები არ გასწორდება!

დეტალური ინფორმაცია შინაარსობრივი ნაწილის შესახებ (დავალებების რაოდენობა, მაქსიმალური ქულა, მინიმალური ზღვარი და ა. შ.) გამოქვეყნდება 28 მაისს.

დასკვნითი ეტაპის მეორე ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ ის M ვექტორელები, რომლებიც მაქსიმალური ქულის 30%-ზე მეტს დააგროვებენ.


დასკვნითი ეტაპი - მეორე ნაწილი


დასკვნითი ეტაპის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ინდივიდუალურ online შეხვედრას პროექტის მენტორებთან. მონაწილეები განსაზღვრულ დროს online შეხვდებიან პროექტის ექსპერტებს. ტექნიკური მხარის გამართულობა წინასწარ გადამოწმდება თითოეულ მონაწილესთან.

შეხვედრები ჩაიწერება და, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეს შეეძლება, საბოლოო შეფასების შესახებ განმარტება ჩანაწერზე დაყრდნობით მოითხოვოს. ამასთან, M ვექტორის ჯგუფი იტოვებს მონაწილის იდენტიფიცირების უფლებას.


ტექნიკური და პროცედურული მხარდაჭერა


იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, კონკრეტულ დროს აღმოჩნდეს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან, M ვექტორის ჯგუფი წინასწარ უზრუნველყოფს მონაწილისათვის საკუთარ მუნიციპალიტეტში სამუშაო სივრცის ორგანიზებას.

გარდა ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფისა, თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, კონკურსთან დაკავშირებული პროცედურული საკითხებით მიმართოს პროექტის ჯგუფის წარმომადგენლებს - საკონტაქტო ინფორმაცია ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ ინსტრუქციაში იქნება მითითებული.


მეორე, დასკვნითი ტური (2021)



M ვექტორის ჯგუფი გისურვებთ წარმატებას!