ხშირად დასმული კითხვები

რა არის „M ვექტორი“?


„M ვექტორი“ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების ხელშეწყობის თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს.




ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?


„M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებზე და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.




რამდენ ეტაპს ითვალისწინებს „M ვექტორი“?


„M ვექტორი“ ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი, ძირითადი ეტაპის მიზანია გამოავლინოს ლოგიკური, ალგორითმული მსჯელობის უნარის მქონე მოსწავლეები, რომლებსაც კონკრეტული პრობლემის გადაჭრისადმი არასტანდარტული, შემოქმედებითი მიდგომა ექნებათ.




როგორი ფორმატით ჩატარდება ძირითადი ეტაპი?


მსურველები ამ ეტაპს მოქნილი გრაფიკითა და ვადებით, ელექტრონულად გაივლიან. დარეგისტრირების შემდეგ, მონაწილეები online მიიღებენ მათთვის შერჩეულ არაპროგრამულ თეორიულ მასალას და პრობლემების ნიმუშებს, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ თეორიულ მასალაზე დაყრდნობით.




ექნებათ თუ არა უფლება მონაწილეებს, ძირითადი ეტაპის დავალებებზე მუშაობისას გამოიყენონ სპეციალისტის, პედაგოგის დახმარება?


მონაწილეებს თეორიული მასალის გაცნობისას თუ პრობლემების გადაჭრისას შეეძლებათ კონსულტაციისთვის მიმართონ საგნის პედაგოგს ან სპეციალისტს, თუმცა „M ვექტორი“-ს ძირითადი ეტაპით გათვალისწინებულია მოსწავლეებისათვის საგანგებო მხარდაჭერის გაწევა - ახალგაზრდებს მუდმივად შეეძლებათ კონსულტაციის მიღება პროექტის ექსპერტებისგან.




რა ფორმით შეეძლებათ მონაწილეებს კონსულტაციის გავლა პროექტის ექსპერტებთან?


ძირითადი, პირველი ეტაპის მიმდინარეობისას მონაწილეებს „M ვექტორი“-ს ფორუმის მეშვეობით შეეძლებათ გამოქვეყნებული მიმართულებებიდან ნებისმიერი თემის, საკითხის განხილვა „M ვექტორი“-ს ექსპერტებთან ერთად. Mვექტორელებს პედაგოგებისა და სხვა სპეციალისტების დახმარების გამოყენებაც შეუძლიათ - ძირითადი ეტაპის მიზანია ახალი მასალების გაცნობა, ახალი ინფორმაციის გააზრება და შეძენილი ცოდნის გამოყენების უნარის დემონსტრირება, სპეციალისტების დახმარებით თუ მათ გარეშე. პროცედურული თუ სხვა,

ზოგადი ხასიათის ინფორმაცია სისტემატურად განთავსდება პროექტის Facebook გვერდზე




რა ფორმით მიიღებენ მონაწილეები თეორიულ მასალას და დავალებებს?


„M ვექტორი“-ს ძირითადი ეტაპისათვის განკუთვნილი მასალები განთავსდება ვებგვერდზე www.mvector.ge




რა პრინციპით უნდა შეარჩიონ Mვექტორელებმა განთავსებული ინფორმაციიდან თეორიული მასალა და დავალებები?


რეგისტრაციის გავლის შემდეგ, Mვექტორელები ძირითადი ეტაპის მასალების გასაცნობად ვებგერდზე შესაბამის სივრცეს უნდა ეწვიონ, სადაც გამოქვეყნებულია 4 სხვადასხვა მიმართულების საკითხები და სავარჯიშოები.

პირველი ეტაპის დასაწყისში გამოქვეყნებულ დავალებებზე მუშაობას უფრო ძალების მოსინჯვის, გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების მიღების ფუნქცია აქვს. „M ვექტორი“-ს საკონკურსო დავალებები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მონაწილეები კონკურსის სპეციფიკას ამ ფორმით გაეცნობიან.




რა პრინციპით შეირჩევიან დასკვნითი ეტაპის მონაწილეები?


საკონკურსო დავალებებთან ერთად განთავსდება ინფორმაცია დასკვნითი ეტაპის მონაწილეთა შერჩევის პრინციპების შესახებ.




რას ითვალისწინებს „M ვექტორი“-ს დასკვნითი, მეორე ეტაპი?


დასკვნითი ეტაპი ინტერაქტიულ ლექციებზე დასწრებასა და დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს. ახალგაზრდები, მათ მიერ შერჩეული თეორიული მასალის შესაბამისად, იმუშავებენ მათემატიკურ და ალგორითმულ მსჯელობაზე ორიენტირებული დავალებების გადაჭრაზე. განსხვავებით პირველი, ძირითადი ეტაპისგან, დასკვნითი ეტაპი დამოუკიდებელ სამუშაოს ითვალისწინებს. დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპის შესახებ მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.




რა სახის პრიზებია გათვალისწინებული „M ვექტორის“ გამარჯვებულებისთვის?


ყველაზე წარმატებული მონაწილეებისათვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სხვადასხვა პრიზი აქვს დაწესებული. განსაკუთრებით საინტერესო მათ შორის არის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის საერთაშორისო STEM ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა.




როდის გამოვლინდებიან „M ვექტორის“ გამარჯვებულები?


„M ვექტორი“-ს გამარჯვებულები ივნისის თვეში გამოვლინდებიან.





  • Facebook
  • YouTube

#Mვექტორი